თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ოთხშაბათს, 18 სექტემბერს, განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის - შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებას. სების განცხადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. 

GBC ეროვნული ბანკის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოში მოქმედი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები იცავენ საერთაშორისო სანქციათა მოთხოვნებს. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით განისაზღვრა საერთაშორისო საფინანსო სანქციების შესრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები.

კერძოდ, აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, აღსასრულებელ სანქციებთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპი მითითებულია ზემოაღნიშნულ ბრძანებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორის ცალკეული მონაწილის მხრიდან როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების, ისე საკუთარი რეგულაციების და ეროვნული კანონმდებლობის შესრულების პროცესს.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო ამ დრომდე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად", – ნათქვამია სების განცხადებაში.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, აშშ-მა საქართველოს შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს (ცნობილი მეტსახელით „ხარება“), მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, სანქციები დაუწესა.

"აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებებს საქართველოში. კერძოდ, დასანქცირდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში", - ვკითხულობთ 16 სექტემბრით დათარიღებულ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

გუშინ, 17 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნის სანქცირების საკითხზე ჟურნალისტების დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და “ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა”.

"მე მგონია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის ადმინისტრაციაზე, ანუ ბაიდენის მიღებული არ იქნება ეს გადაწყვეტილება, მე ასე მგონია, საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში. რაც შეეხება არჩევნებზე გავლენას, აშკარად იკითხება. ყოველ ჯერზე არის გადაწყვეტილებები, არის ვიზიტები და ა.შ. პირდაპირ რევოლუციაში იყვნენ ჩართული, რევოლუციის მცდელობაში იყვნენ ჩართული უცხოელი პოლიტიკოსები, პირდაპირ რევოლუციურ სცენაზე ავიდა რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და რამდენიმე პარლამენტის დეპუტატი. ასეთ პირობებში რატომ გიკვირთ, რომ საარჩევნო პროცესებშიც არის ჩარევის მცდელობა, რაც უხეშად ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს. ჩვენ გადავამოწმებთ, რამდენად მოხვდება ეს ყველაფერი დამკვირვებლების დასკვნებში, ნებისმიერი ასეთი აქტი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.