თბილისი (GBC) - უცხოური მედიის ინფორმაციით, უნგრეთში შვედეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მიზეზი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებების მიმართ შვედეთის პრემიერის მიერ გამოთქმული კრიტიკაა, - ამის შესახებ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

შვედეთის პრემიერმა, ულფ კრისტერსონმა გამოთქვა შეშფოთება, რომ "რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ევროპასთან დაახლოების თავიდან ასაცილებლად".

ვიქტორ ორბანის განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში არჩევნები იყო "თავისუფალი და დემოკრატიული", შვედეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ორბანი არ საუბრობს ევროპის ქვეყნების ან შვედეთის სახელით.

პიტერ სიიარტოს თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 30 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში შვედეთის ელჩი მთავრობის პოზიციის გასარკვევად დაიბარა და სთხოვა, რომ შვედეთის ოფიციალურმა პირებმა მსგავსი კომენტარებისგან მომავალში თავი შეიკავონ.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პირველი და ერთადერთი ევროპელი ლიდერია, ვინც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!“, - დაწერა ვიქტორ ორბანმა პლატფორმა X-ზე, 26 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

28 ოქტომბერს, ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩამოვიდა. ზუსტად ამ დროს. რუსთაველზე მიმდინარეობდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაანონსებული აქცია, რომელიც ეხებოდა მმართველი პარტიის მიერ "გაყალბებულ" 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ორბანი იმყოფებოდა "თბილისი მერიოტში", სადაც მას მოუწია მოქალაქეების პროტესტის ფონზე დაეტოვებინა ადგილი.

საქართველოს მოქალაქეებმა ორბანის საქართველოში ჩამოსვლის უკმაყოფილება დააფიქსირეს მაშინაც, როდესაც ლევან ცუცქირიძემ, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, 28 ოქტომბერს, რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანი.