თბილისი (GBC) - უკრაინული მედია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრიტანეთმა, ნორვეგიასთან ერთად, უკრაინისთვის 450 მილიონი ფუნტის (დაახლოებით $585 მლნ-ის) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
მათივე ინფორმაციით, 350 მილიონ ფუნტს გაერთიანებული სამეფო, 100 მილიონს კი ნორვეგია „უკრაინის ფონდის“ მეშვეობით გამოყოფს, რომელსაც ბრიტანული მხარე მართავს.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აღნიშნული თანხა ასობით ათასი დრონის, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისა და რადარების წარმოებას მოხმარდება, ხოლო 160 მილიონი გამოიყოფა იმ აღჭურვილობის შეკეთებისთვის, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მანამდე მიაწოდა.
შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი „მსურველთა კოალიციის“ სამხედრო დაგეგმვას დააჩქარებენ. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანა უკვე იწყებს იმის განსაზღვრას, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად.
სხდომა დღეს, 11 აპრილს, ბრიუსელში გაიმართება.
„რამშტაინის ფორმატის“ სახელით ცნობილი ჯგუფი 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ის აშშ-ის წინა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა და სხდომებს ყოველთვის აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობდა.
თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ ვითარება შეიცვალა და შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ამ ჯგუფის თავმჯდომარეობაზე.
ბრიუსელში დღევანდელ სხდომას დიდი ბრიტანეთის და გერმანიის თავდაცვის მინისტრები ჯონ ჰილი და ბორის პისტორიუსი უხელმძღვანელებენ.