თბილისი (GBC) – ევროპის კავშირი ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია: "ევროპის კავშირი მიესალმება უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, მათ შორის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, ჰუმანიტარულ ძალისხმევას და აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განახლებას".

განცხადების მიხედვით, ევროკავშირი მზად არის შეასრულოს თავისი როლი სამომავლო ნაბიჯების მხარდასაჭერად.

„ევროპის კავშირი მზადაა, სრულად შეასრულოს თავისი როლი მომავალი ნაბიჯების მხარდასაჭერად, უკრაინასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად. ევროპის კავშირის მიზანია უკრაინის მხარდაჭერა, რათა მიაღწიოს ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომელიც ეფუძნება გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, თუ რუსეთი მას მიიღებს, შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ახლა რუსეთის ჯერია, გამოავლინოს მშვიდობის მიღწევის სურვილი. ევროკავშირი მიესალმება საუდის არაბეთის ძალისხმევას, რომელმაც უმასპინძლა ამ მოლაპარაკებებს“, ​​​​​​​​​- აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა, აშშ-უკრაინის მიერ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება განაახლა.

„მაქვს დადასტურება, რომ შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო დახმარება განახლდა. ხელშეკრულებების განხორციელება იწყება. ბრძოლა გრძელდება!“, - წერს პავლო პალისა.

გუშინ, 11 მარტს, უკრაინა დათანხმდა აშშ-ის შეთავაზებას, შეწყვიტოს ცეცხლი 30 დღით ფრონტის მთელ მონაკვეთზე. ამის შესახებ აშშ-ის და უკრაინის ერთობლივ განცხადებაშიცაა ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკული მხარე ძალიან აფასებს უკრაინელი ერის სიმამაცეს, რომელიც თავის სახელმწიფოს იცავს და შეთანხმდნენ, რომ განგრძობადი მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის დრო მოვიდა.

ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ: "აშშ უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების მიმოსვლასა და დახმარებას უსაფრთხოების სფეროში დაუყოვნებლივ აღადგენს".

უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრა შეაფასა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რომელმაც თქვა, "ბურთი უკვე რუსეთის მოედანზეა".

რუბიოს განცხადებას უკრაინელი პრეზიდენტის მიმართვაც მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფრონტის მთელ გაყოლებაზე ცეცხლის შეწყვეტა ამერიკული ინიციატივა იყო და უკრაინა მზად არის ამ ნაბიჯისთვის.

კრემლი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშინგტონისა და კიევის ერთობლივ განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.