თბილისი (GBC) – ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი – მეჩვიდმეტე პაკეტი შეიმუშავა და ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით აშშ–ის ხელისუფლებასთან იქნება კოორდინაციაში. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან–ნოელ ბარომ აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან ვაშინგტონში ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„ჩვენ, ევროპელები, მხარს დავუჭერთ ამერიკულ ინიციატივას სანქციების მეჩვიდმეტე პაკეტში და მე დავპირდი სენატორ ლინდსი გრემს, რომ ჩვენ კოორდინირებულად გავატარებთ ამ სანქციებს როგორც არსობრივად, ისე ვადებში“, – უთხრა საფრანგეთის მთავარმა დიპლომატმა სააგენტო AFP-ს.

რესპუბლიკელმა სენატორმა გრემმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ–ის პარლამენტის ზედა პალატა მხარს დაუჭერს რუსეთისთვის „გამანადგურებელი“ სანქციების დაწესებას, თუ მოსკოვი უარს იტყვის უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტაზე. მისი თქმით, კანონი ითვალისწინებს როგორც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ისე 500%–ით დაბეგვრას იმ ქვეყნების პროდუქციის, რომლებიც კრემლისგან ნავთობს, გაზს და ურანს შეისყიდიან.

დოკუმენტს 72 სენატორი უჭერს მხარს, რაც საკმარისია პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შესაძლო ვეტოს დასაძლევად. „პუტინი დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ ტრამპთან თამაშს გადაწყვეტს“, – თქვა გრემმა და დასძინა, რომ ეს კანონი გახდება ინსტრუმენტი, რომელიც პუტინს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.