თბილისი (GBC) – ევროპის კავშირი უახლოეს დღეებში რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ ხორბალს 1 ტონაზე 95 ევროთი დაბეგრავს, წერს Financial Times (FT) წყაროებზე დაყრდნობით. ანალოგიური მოსაკრებელი დაწესდება ზეთოვან კულტურებსა და გადამუშავებულ პროდუქციაზე.

ამ ზომებს ევროპელი ფერმერების უკმაყოფილების ფონზე მიმართავენ, რომლებიც ევროპის კავშირში რუსული და ბელარუსული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის აკრძალვას მოითხოვენ. გაზეთის წყაროები ამბობენ, რომ დაბეგვრა ხორბლის ფასს 50%–ით გაზრდის და მასზე მოთხოვნაც შემცირდება.

FT აღნიშნავს, რომ 2023 წელს ევროპის კავშირის ქვეყნებში რუსული ხორბლის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4 მლნ ტონა შეადგინა, რაც ამ ქვეყნების მთლიანი მოხმარების დაახლოებით 1%–ს შეადგენს. ლიეტუვამ რუსული და ბელარუსული სასოფლო–სამეურნეო პროდუქციისა და პირუტყვის საკვების იმპორტი უკვე თებერვალში აკრძალა. ლიეტუვის სეიმმა მარტში მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკომისიას რუსული და ბელარუსული ხორბლის იმპორტის აკრძალვისაკენ მოუწოდებს. ანალოგიური თხოვნით ევროკომისიას პოლონეთის მთავრობამაც მიმართა.