თბილისი (GBC) – ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლები დათანხმდნენ ევროკომისიის წინადადებას, რუსეთისთვის გაყინული აქტივების უკრაინისთვის დასახმარებლად გამოყენებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროსაბჭოში ბელგიის წარმომადგენლობაში თქვეს.

მანამდე, იანვარში, სააგენტო Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროკავშირში წარმატებით მუშაობდნენ რუსეთის გაყინული აქტივების დაბეგვრის გეგმაზე. სააგენტომ ისიც დააზუსტა, რომ ქვეყნების ჯგუფმა, მათ შორის გერმანიამ, მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი რუსეთის უშუალოდ გაყინული აქტივების კონფისკაციის წინააღმდეგი არიან.

მედიის ცნობით, რუსეთის გაყინული აქტივებიდან დაახლოებით 200 მლრდ ევრო ევროკავშირშია განთავსებული, მათ შორის უდიდესი ნაწილი ბელგიურ საერთაშორისო დეპოზიტარში Euroclear ინახება.

ევროკავშირმა რუსეთის აქტივების გაყინვის შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის მარტში მიიღო – მალევე, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას დაესხნენ თავს. 2023 წლის ოქტომბერში კი ბელგიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთის აქტივების შემოსავლების დაბეგვრის ხარჯზე უკრაინისთვის 1,7 მლრდ ევროს მოცულობის დახმარების ფონდს შექმნიან.