თბილისი (GBC) – ევროპის კავშირმა სანქციების მეთოთხმეტე პაკეტის ფარგლებში რუსეთის ტერიტორიის მიღმა მომუშავე თავის კომპანიებს რუსეთის ბანკის საბანკო შეტყობინებების გადაცემის სისტემით (SWIFT–ის რუსული ანალოგი) სარგებლობა აუკრძალა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

„საბჭომ „ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემის“ გამოყენება აკრძალა, რომელსაც რუსეთის ბანკი შეზღუდვების შედეგების ნეიტრალიზაციის მიზნით იყენებს. ევროპის კავშირში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის მიღმა მუშაობენ, ეკრძალებათ აღნიშნული სერვისით სარგებლობა“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა SWIFT–ის რუსული ანალოგი 2022 წელს ჩართო, მას შემდეგ, რაც უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული თავდასხმის გამო მსხვილი რუსული ბანკები SWIFT–დან ჩახსნეს.