თბილისი (GBC) – ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არა, მაგრამ მისი შეკავება შეიძლება".
„აუცილებელია უკრაინის სამხედრო მარაგებში არსებული ხარვეზების შევსება და უკრაინის უსაფრთხოების მყარი გარანტიებით უზრუნველყოფა, მაგრამ ეს მომენტი მხოლოდ უკრაინას არ ეხება - ეს ეხება მთელ ევროპას და მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას.
ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო კომპლექსი ჩვენსას აჭარბებს. თუ რეალურად შევხედავთ სამხედრო ხარჯებს, კრემლი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე მთელი ევროპა ერთად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ევროპას მეტის გაკეთება სჭირდებოდა.
„საფრთხეების სპექტრი დღითი დღე უფრო ფართოვდება. ევროპარლამენტი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ევროპას მეტის გაკეთება სჭირდებოდა და აბსოლუტურად მართალი იყავი. ამ კიდევ უფრო სახიფათო ეპოქაში ევროპას სჭირდება წინსვლა და ეს არის იმ გეგმის მიზანი, რომელიც ლიდერებს გასულ კვირას წარვუდგინე. მისი ლოგიკა მარტივია: ჩვენ გვსურს გამოვიყვანოთ ჩვენს ხელთ არსებული ყოველი ფინანსური ბერკეტი, რათა გავაძლიეროთ და დავაჩქაროთ ჩვენი თავდაცვის წარმოება. REARM Europe-ის გეგმით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ 800 მილიარდ ევრომდე თანხის მობილიზება“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, დროა, ევროპამ ევროპული თავდაცვის კავშირი ააშენოს.
„დროა ავაშენოთ ევროპული თავდაცვის კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ჩვენს კონტინენტზე ერთიანობითა და ძლიერებით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ, 7 მარტს მხარი დაუჭირა კომისიის წინადადებას, რომელიც ახალი დაფინანსების ინსტრუმენტებით, თავდაცვის ხარჯების 800 მილიარდ ევრომდე ზრდას ისახავს მიზნად. ეს შესაძლებელი უნდა გახდეს, ერთი მხრივ, ევროკავშირის ბიუჯეტით მხარდაჭერილი 150 მილიარდ ევრომდე სესხის მობილიზებით, მეორე მხრივ კი, საბიუჯეტო შეზღუდვების შემსუბუქებით, რათა მსურველმა ქვეყნებმა გაზარდონ სამხედრო ხარჯები. ასევე, მოუწოდეს ევროკომისიას, შეისწავლოს ახალი გზები, რათა ხელი შეუწყოს მნიშვნელოვან თავდაცვის ხარჯებს ყველა წევრ ქვეყანაში.
რას ითვალისწინებს ევროპის გადაიარაღების გეგმა?
რუსეთისა და ბელარუსის საფრთხეების გათვალისწინებით, ევროპულმა საბჭომ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ საზღვრის დაცვის მნიშვნელობას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მხარი არ დაუჭირა ევროპული საბჭოს დასკვნებს უკრაინის ნაწილში. შესაბამისად, 26 ქვეყნის სახელით გამოიცა ცალკე განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ უკრაინაზე მოლაპარაკებები არ უნდა წარიმართოს უკრაინის გარეშე.
შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინისთვის 30,6 მილიარდი ევრო დახმარების გამოყოფას – 12,5 მილიარდი უკრაინის ფონდიდან, 18,1 მილიარდი კი, G7-ის ERA-ს ინიციატივით, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივების მოგებიდან ანაზღაურდება.