თბილისი (GBC) – NATO-ს ახალმა გენმდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ „უკრაინა უნდა გადარჩეს როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანა“. გენერალური მდივნის თქმით, უკრაინა მისი პრიორიტეტების სიის სათავეშია.
მისივე თქმით, კიდევ ერთი პრიორიტეტია შეკავება და ალიანსის თავდაცვის გაძლიერება.
„მეტი უნდა დავხარჯოთ. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა“, – აღნიშნა რუტემ.
ნიდერლანდების ექს–პრემიერი მარკ რუტე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად დღეს, 1–ელ ოქტომბერს დაინიშნა.
ამ თანამდებობაზე რუტემ იენს სტოლტენბერგი შეცვალა, რომელიც გენერალური მდივნის პოსტს ბოლო 10 წლის განმავლობაში იკავებდა.