თბილისი (GBC) – კერძო სამხედრო კომპლექსის „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა მედიატექნოლოგ კონსტანტინ ჟოლგოვთან ვრცელ ინტერვიუში უკრაინაში სპეცოპერაციისა და დენაციფიკაციის დასახული მიზნების ჩაშლის შესახებ განაცხადა. მან აღიარა, რომ რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა სულ სხვა შედეგები გამოიღო, ვიდრე ამას პუტინი ელოდა: უკრაინა გახდა მსოფლიოში ცნობილი, ხოლო მისი არმია ერთ–ერთი ძლევამოსილია პლანეტაზე.

ვაგნერელების ლიდერი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ომში დამარცხდება, მეტიც, „ჩვენ ვრისკავთ გავ...თ რუსეთი“. პრიგოჟინმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, მისი ოჯახი, მაღალჩინოსნები და ელიტის შვილები.

პრიგოჟინი შოიგუს აბრალებს მარცხს და შეიარაღებული ძალების დეგრადირებას. ასევე მიანიშნებს უკრაინის არმიის წარმატებულ რეფორმაზე.

„პუტინს – ვუჯერებ, შოიგუმ – დაახვიოს“, – გამოხატა თავისი „პოლიტიკური კრედო“ პრიგოჟინმა.

მისივე თქმით, ვაგნერში 6000 ადამიანი იბრძვის და მათ თავისუფლად შეუძლიათ მეთაურობაც, რითაც ბიზნესმენმა მიანიშნა, რომ ახალი რუსული არმია ვაგნერის ბაზაზე უნდა აშენდეს.

პრიგოჟინის პროგნოზით, უკრაინაში ომს ასობით ათასი მსხვერპლი მოჰყვება და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა გადავიდეს საომარ მდგომარეობაზე, აღადგინოს სიკვდილით დასჯა, გამოაცხადოს ახალი მობილიზაცია, ეკონომიკა საომარ რელსებზე გადაიყვანოს და „რამდენიმე წელი ჩრდილოეთ კორეის მსგავსად იცხოვროს“.