თბილისი (GBC) – რუსეთი დღეში 600 ათას ბარელ გადამუშავებულ ნავთობს კარგავს, ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინელების მიერ დრონებით მიტანილი იერიშების გამო. ამის შესახებ საერთაშორისო ნავთობტრეიდერის Gunvor Group ხელმძღვანელმა ტორბიონ ტორნკვისტმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. სააგენტოს ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე ეს კომპანია რუსული ნავთობის უმსხვილესი გამყიდველი იყო.

სააგენტო წერს, რომ ამ ფონზე დიზელის საწვავზე ფიუჩერსები ოთხჯერ არის გაძვირებული, ბენზინის – ექვსჯერ. რუსეთიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი დღე–ღამურად რამდენიმე ასეული ათასი ბარელით შემცირდა.

ბანკი  JPMorgan–ის ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ უკრაინელების იერიშების გამო რუსეთის ნავთობგადასამუშავებლების სიმძლავრეები დღეში 900 ათასი ბარელით შემცირდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ნავთობგადასამუშავებლები, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, უკრაინის მხრიდან დრონებით მასირებული შეტევის სამიზნე გახდა. დოკუმენტურად დადასტურებულია სულ მცირე 8 ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის აფეთქება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

ოფიციალურ კიევს რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადასამუშავებლებზე მიტანილ იერიშებზე პასუხისმგებლობა არ აუღია.