თბილისი (GBC) – ევროპაში ინსულინის ერთ–ერთი უმსხვილესი მწარმოებელი შესაძლოა რუსეთის ბაზრიდან გავიდეს. კომპანია Novo Nordisk, ამერიკული  BMS–ის და Eli Lilly–ს კვალდაკვალ გეგმავს რუსეთში თავისი პრეპარატების მიწოდების მესამე დისტრიბუტორისთვის გადაბარებას, წერს რუსული გამოცემა კომერსანტი ფარმაცევტული ბაზრიდან ორ წყაროზე დაყრდნობით. 

გამოცემის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება კომპანიაში ჯერ არ მიუღიათ. ერთ–ერთი წყაროს ინფორმაციით, Novo Nordisk–ის რუსული ბიზნესის მმართველად შვეიცარიული კომპანია Swixx Biopharma მოიაზრება. ამავე კომპანიას გადასცეს თავისი რუსული ბიზნესები ამერიკულმა Bristol-Myers Squibb–მა (BMS) და Eli Lilly–მა.

აშშ–სა და ევროკავშირს რუსეთისთვის მედიკამენტების მიწოდებაზე სანქციები არ დაუწესებიათ, თუმცა ომის დაწყების შემდეგ დასავლური კომპანიები მაინც ტოვებენ რუსეთის ბაზარს. ამას კი გართულებულ ლოგისტიკას უკავშირებენ.