თბილისი (GBC) – რუსეთის სამხედრო–სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავმა Ил-76 ივანოვოს ოლქში სამშაბათს კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აეროდრომ „სევერნიზე“ უნდა დაშვებულიყო, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის რვა წევრი და შვიდი მგზავრი იმყოფებოდა. მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სამხედრო უწყების ცნობით, თვითმფრინავს გეგმური რეისის შესასრულებლად აფრენის მომენტში გაუჩნდა ცეცხლი. კატასტროფის მიზეზი ერთ–ერთი ძრავის აალება გახდა. შემთხვევის ადგილზე ჩაფრინდა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სარდლობის კომისია.

ალმოდებული თვითმფრინავის ამსახველ ვიდეოკადრებს თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.