თბილისი (GBC) – რუსეთის ვოლგოდონის ეპარქიამ ფოტოკადრები გამოაქვეყნა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ლოცულობენ მღვდლები ხატზე ნავთობის ბაზაზე მძვინვარე ხანძრის ფონზე. აღინიშნება, რომ სასულიერო პირებმა ხანძრის ქრობისას დაშავებული ათობით მეხანძრისთვისაც ილოცეს ადგილობრივი საავადმყოფოს სამლოცველოში.

ნავთობის ბაზაზე ხანძარი 18 აგვისტოს, უკრაინული დრონების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. მაშველები  მეოთხე დღეს, ხანძარს ებრძვიან. ხანძრის ფართობი ამ პერიოდში 10 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გავრცელდა. ობიექტზე დიზელის საწვავით სავსე 22 ცისტერნა იწვის. რუსული მედიის ცნობით, ნავთობის ბაზაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 42–მდე გაიზარდა.

საწვავის სახელმწიფო რეზერვის ამ ბაზაზე სულ 74 რეზერვუარია. თითოეულ რეზერვუარში 5 000 ტ. საწვავი ინახება. ბაზაზე არსებული საწვავის ღირებულება $200 მლნ–ს შეადგენს.