თბილისი (GBC) — ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მე-12 დღეა, გრძელდება. თეირანზე შეტევები და საპასუხო იერიშები გრძელდება. ირანს, აშშ-სა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტი უკვე გავრცელდა რამდენიმე ქვეყანაზე და ენერგეტიკული ბაზრებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარ თემად რჩება.
ამერიკისა და ისრაელის ძალებმა ბოლო დღეებში განაახლეს საჰაერო დარტყმები ირანის სხვადასხვა სამიზნეზე, მათ შორის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. პარალელურად, ირანი აგრძელებს სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს ისრაელზე და აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე რეგიონში, მათ შორის სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
11 მარტს გავრცელებული ინფორმაციით:
– ირანმა კვლავ მიიტანა სარაკეტო დარტყმები ისრაელის მიმართულებით, რის გამოც ქალაქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა;
– აშშ-ის სამხედრო ძალებმა სპარსეთის ყურეში გაანადგურეს 16 ირანული ხომალდი, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმების განთავსებას ცდილობდნენ.
ჰორმუზის სრუტე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული წერტილია, რადგან იქ გადის მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით 20%.
მსხვერპლი და ჰუმანიტარული ვითარება
ირანი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან — 28 თებერვლიდან — ქვეყანაში დაბომბილია ათასობით ობიექტი და 1300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დასავლური წყაროები ამ მონაცემებს დამოუკიდებლად ვერ ადასტურებენ, თუმცა რამდენიმე ქალაქში ძლიერი დარტყმები და მსხვერპლი დაფიქსირდა.
ამავე დროს, ირანული სარაკეტო შეტევების შედეგად ისრაელშიც არიან დაღუპულები და დაშავებულები, ხოლო კონფლიქტში უკვე ასობით სამხედროა დაჭრილი.
ვითარება თავად ირანში
ირანის ხელისუფლება შიშობს, რომ ომის ფონზე ქვეყანაში შიდა პროტესტები შეიძლება გაძლიერდეს. ხელისუფლებამ უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა მზად იყვნენ „მკაცრი რეაგირებისთვის“ ნებისმიერი ანტისამთავრობო გამოსვლის შემთხვევაში.
ამავე დროს, ირანის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ ბოლო დღეებში დაკავებულია ათობით ადამიანი, რომლებიც, მათი თქმით, აშშ-სა და ისრაელისთვის ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები.
პოლიტიკური ცვლილებები
ომის აქტიური ფაზის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივ დარტყმებში დაიღუპა ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი, რის შემდეგაც ქვეყნის ახალი ლიდერი გახდა მისი ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, რომელიც მარტის დასაწყისში აირჩია ექსპერტთა საბჭომ.
რეგიონული გაფართოების რისკი
კონფლიქტმა უკვე მოიცვა რამდენიმე ქვეყანა:
· ლიბანში კვლავ მიმდინარეობს ბრძოლები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის;
· ირანმა სარაკეტო შეტევები განახორციელა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე;
· ირანთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა იერიშები მიიტანეს აშშ-ის ობიექტებზე ერაყში.
ამავდროულად, ისრაელური მედია ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში აზერბაიჯანის ჩართვის ალბათობას განიხილავს. თავად ბაქოში თეირანთან ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობაზე არიან ორიენტირებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ხელისუფლება თვალს დახუჭავს ამ ქვეყანაში დესტრუქციული ძალების არსებობაზე. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლება არ არის წინააღმდეგი, ერთიან სახელმწიფოში ჰყავდეს ირანის აზერბაიჯანი და მზადაა ითანამშრომლოს როგორც ისრაელთან, ისე შეერთებულ შტატებთან. მათივე თქმით, თავად ირანში არ არსებობენ აქტივისტები, არ არსებობს რაიმე სახის მოძრაობა, რომელიც შეიძლება მიისწრაფოდეს „ორი აზერბაიჯანის“ გაერთიანებისკენ.
ფართო გავლენა
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ირანი ცდილობს კონფლიქტი გახანგრძლივებულ ომად გადააქციოს, მათ შორის ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაციის გზით, რათა დასავლეთზე ეკონომიკური ზეწოლა გაზარდოს.