თბილისი (GBC) – უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ მთავრობა არ აპირებს გაზპრომთან რუსული გაზის ტრანზიტზე კონტრაქტის გაგრძელებას. მისი თქმით, უკრაინა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას აძლიერებს, მათ შორის შიდა მოპოვების ზრდით.

ნაფტოგაზ უკრაინასა და გაზპრომს შორის ხელშეკრულებას 2019 წლის 30 დეკემბერს მოეწერა ხელი. კონტრაქტი უკრაინის ტერიტორიაზე 225 მლრდ კბ/მ რუსული გაზის ტრანზიტს ითვალისწინებდა, მათ შორის 2020–ში 65 მლრდ კბ/მ–ის გატარებას, ხოლო მომდევნო ოთხ წელიწადში, ყოველწლიურად, 40 მლრდ კბ/მ გაზის ტრანსპორტირებას. ხელშეკრულების ვადა წლის ბოლოს იწურება. მიმდინარე წლის იანვარში უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ აღარ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას.

უკრაინის პრემიერ–მინისტრმა დენის შმიგალმა 4 მარტს განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, გააგრძელოს რუსული გაზის ტრანზიტი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, თუმცა ამ საკითხზე რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს არ გამართავს. მისი თქმით, ტრანზიტი შესაძლებელი იქნება ევროპული ქვეყნების მხრიდან წამოსული შესაბამისი განაცხადის შემთხვევაში.