თბილისი (GBC) – კიევში შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ რუსეთმა შესაძლოა თავისი კონტროლი დაამყაროს უკრაინისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ოდესის პორტზე. New York Times–ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლები შიშობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსკოვის ინიციატივას მხარს დაუჭერს. 

„უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლებმა განაცხადეს, რომ შეშფოთებულები არიან იმის ალბათობით, რომ ბატონი ტრამპი მხარს დაუჭერს ბატონი პუტინის სურვილს, უკრაინის ტერიტორიის ნაწილთან დაკავშირებით“, – წერს New York Times.

მანამდე აშშ–ის და უკრაინის დელეგაციებმა მოლაპარაკებები საუდის არაბეთში გამართეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის ინიციატივას, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მხარი დაუჭირა. თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმაც გამოთქვა მზადყოფნა ცეცხლის შესაწყვეტად, თუმცა გარკვეული პირობებით.

შესაძლო დაზავებაზე მოსკოვმა ვაშინგტონს უკვე გადასცა თავისი შეკითხვები. ტრამპს იმედი აქვს, რომ რუსეთი 30–დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.