თბილისი (GBC) – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ წუხელ მოსკოვის, ბრიანსკის, ბელგოროდის, კალუგისა და კურსკის ოლქებში 45 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
„11 უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ოლქში გავანადგურეთ, კიდევ 23 განადგურდა ბრიანსკის ოლქში, 6 ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 3 კალუგის ოლქში და 2 კურსკში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური უწოდა 21 აგვისტოს გამთენიისას მოსკოვზე მიტანილ იერიშს.
ამასობაში, რუსი სამხედრო კორესპონდენტები წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტევითი მოქმედებები გაააქტიურეს. ვრცელდება ინფორმაცია უკრაინული დრონებით რუსეთის შეიარაღებული ძალების ზურგის ობიექტებზე იერიშის მიტანის შესახებ. ასევე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია უკრაინელების მიერ ვასილიევკას და ენერგოდარის მიმართულებით გარღვევის მცდელობის შესახებ.
ზოგიერთი რუსი სამხედრო ბლოგერი იმასაც წერს, რომ უკრაინელებმა დრონებით ხერსონის მიმართულებაზე რუსების ჯარის ზურგს დაარტყეს. მათივე თქმით, უკრაინელებმა რუსეთის ჯარების ნაწილის უკრაინიდან კურსკის ოლქში გადასროლით ისარგებლეს და ოკუპირებულ ტერიტორიებს უტევენ.
პენტაგონის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა სამშაბათს განაცხადა, რომ ამერიკელებმა დააფიქსირეს რუსეთის სამხედრო ნაწილების გადასროლა უკრაინის ტერიტორიიდან კურსკის ოლქის მიმართულებით, სადაც უკრაინელების იერიში ორი კვირაა გრძელდება.