თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას სამშაბათს, 18 მარტს გეგმავს. „შაბათ–კვირას ბევრი რამ გაკეთდა. გვინდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ომის დასრულებას. შეიძლება შევძლოთ, შეიძლება ვერც შევძლოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგი შანსები გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა, რომელსაც სააგენტო REUTERS ციტირებს. ტრამპის თქმით, მას სურს პუტინთან უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბედი განიხილოს. „ვფიქრობ, ეს საკითხები ორივე მხარის მიერ განიხილება, რუსეთშიც და უკრაინაშიც. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ამაზე, განსაზღვრული აქტივების განაწილებაზე“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფმა კვირას განაცხადა, რომ ტრამპისა და პუტინის „კარგი და პოზიტიური დისკუსია“ შესაძლოა ამ კვირაში გაიმართოს. მანამდე უიტკოფი პირადად შეხვდა პუტინს კრემლში. მისი თქმით, მოლაპარაკებები 3–4 საათს გაგრძელდა და უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დარეგულირების გზების ძიებას მიეძღვნა.

ამასთან, The Independent–ის უკრაინული წყაროები აცხადებენ, რომ კიევში შეეგუენ იმ აზრს, რომ დაპირისპირების დღევანდელი ხაზი შეიძლება გაიყინოს, ხოლო რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები მის კონტროლს ქვეშ დარჩეს, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. თუმცა, რუსეთის მიერ დამატებითი ტერიტორიების მოთხოვნა კიევისთვის წითელი ხაზი იქნება. გაზეთის წყაროებმა აღნიშნეს, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს დაკარგული ტერიტორიების დიპლომატიური გზით დასაბრუნებლად.

მანამდე პუტინი მოითხოვდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანას ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების არაოკუპირებული ტერიტორიებიდან. რუსეთის გენშტაბის მონაცემებით, კრემლის ჯარები თითქმის მთლიანად მხოლოდ ლუგანსკის ოლქს აკონტროლებენ. ზემოხსენებულ დანარჩენ ოლქებში კი ტერიტორიების მხოლოდ 75%–ით დაკავება შეძლეს.