თბილისი (GBC) – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, მოამზადონ სამხედრო კონტინგენტები, რომლებიც ბრძოლის ველზე უკრაინის ჯარების ჩანაცვლებას შეძლებენ.
„ჩვენი გზავნილი ყველა ქვეყანას: მოამზადეთ ბრიგადები, ისინი რეზერვი იქნება და ჩვენ ბიჭებს ჩაანაცვლებენ, რომლებიც დაიღალნენ“, – თქვა ზელენსკიმ პარასკევს NATO-ს გენერალურ მდივანთან მარკ რიუტესთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე.
უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნაზე პირველმა ალიანსის წევრი ქვეყნებიდან საფრანგეთმა განაცხადა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამის შესახებ თებერვალში თქვა. თუმცა, კიევის ბევრმა მოკავშირემ, მათ შორის აშშ–მა და გერმანიამ ღიად თქვეს უარი ამ იდეაზე. ასეთი ვარიანტი ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც გამორიცხა. ამასთან, NATO-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა რობ ბაუერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ალიანსის წევრი რომელიმე სახელმწიფოს ჯარის გაგზავნა მთელმა ბლოკმა უნდა განიხილოს.