თბილისი (GBC) - კლინიკა „ჰელსიკორი“ წერს, რომ ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამო, "კლინიკაში ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, პაციენტები გადანაწილებულნი არიან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში და არიან უსაფრთხოდ".

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არ ჩატარდება გეგმური პროცედურები, რაც დღეს იყო დაგეგმილი. კლინიკის ცხელი ხაზი: 574 060 533; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: 112; ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ და მყისიერად გიპასუხებთ“, – ნათქვამია კლინიკა „ჰელსიკორის“ განცხადებაში.

აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა "თოდუას" კლინიკამაც, რომელმაც დაწერა, რომ ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას სტაციონარში მყოფი თითოეული პაციენტის საჭიროებებზე.

ე.წ " ვაგზლის ბაზრობის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია, რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული.

„თოდუას კლინიკა“ აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამუშაო, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების პროტოკოლით.

ვაგრძელებთ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად მოგემსახურებათ "თოდუას კლინიკის" დიღმის და ვერის ფილიალები", - ვკითხულობთ "თოდუას" კლინიკის განცხადებაში.

30 აპრილს, სადგურის მოედნის ტერიტორიაზე, ბორჯომის ვაგზლის ბაზრობაზე, ძლიერი ხანძრის გამო, ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია ეტაპობრივად მიმდინარეობდა. 

ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი კი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალური მონაცემებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.