თბილისი (GBC) - ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა. მინისტრის განცხადებით, უწყებამ უკვე მოამზადა ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეებში ინსპექტირება სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური პროგრამის მიხედვით წარიმართება.
როგორც მინისტრმა განმარტა, პირველ ეტაპზე გადამოწმდებიან ის ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ისინი შემწეობის მიღების პირობებს ვეღარ აკმაყოფილებენ. ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად, რაც ოჯახის გადამოწმების საფუძველი გახდება, ბოლო სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 2000 ლარზე მეტი შემოსავლის მიღება განისაზღვრა.
მიხეილ სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2000-ლარიანი შემოსავალი არ ნიშნავს სტატუსის ავტომატურ გაუქმებას, არამედ ეს არის სიგნალი სამინისტროსთვის, რომ ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა შეფასდეს.
სოციალური მდგომარეობის შესამოწმებლად სახელმწიფო ათეულობით კრიტერიუმს იყენებს. მინისტრის განმარტებით, სისტემა კომპლექსურია და მხოლოდ ერთი რომელიმე ნივთი ან შემოსავალი საბოლოო სურათს არ ქმნის.
„ამ სისტემაში მონაწილეობს ათეულობით კრიტერიუმი, მათ შორის კომუნალური გადასახადების მოცულობა და სხვა ფაქტორები. ზოგ შემთხვევაში სტატუსის შენარჩუნებას ჯანმრთელობის პრობლემა ან შშმ პირის სტატუსი განაპირობებს. მთლიანობაში, რა სურათიც იქმნება, სწორედ ის იძლევა საფუძველს გადაწყვეტილებისთვის. თუ ოჯახს პოზიტიური დინამიკა აქვს და მდგომარეობა გაიუმჯობესა, ის ბუნებრივია, აღარ უნდა რჩებოდეს ბაზაში“, - განაცხადა სარჯველაძემ.
უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სამინისტროს ამოცანა ბიუჯეტის დაზოგვა არ არის. მისი თქმით, რეფორმის მთავარი მიზანია, რომ სახელმწიფო რესურსი მაქსიმალურად ეფექტიანად განაწილდეს და თითოეული თეთრი იმ ადამიანების მხარდაჭერას მოხმარდეს, ვისთვისაც ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მინისტრის თქმით, სწორი დაჯგუფება საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, უფრო მეტი შესაძლებლობა და რესურსი მიმართოს მათკენ, ვინც რეალურად იმყოფება მძიმე ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში.
შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის აქტიური გადამოწმების შესახებ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ დააანონსა.