თბილისი (GBC) - იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში არსებულ პროგრესზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მთავარი - ტერიტორიული საკითხის გადაჭრამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია.

„იმ დოკუმენტებში, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ, წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვხედავ. მიმდინარეობს ძალიან კარგი მუშაობა კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რაც, სხვათა შორის, ეფუძნება იტალიურ წინადადებას - მათი შემუშავება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების (NATO) მე-5 მუხლის მოდელით მოხდეს“, - განაცხადა ჯორჯია მელონმა Sky tg24-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ასევე გრძელდება მუშაობა უკრაინის აღდგენის საკითხზე. მელონმა განმარტა, რომ „არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელშიც ბევრი საკითხი ფურცელზე უკვე გადაწყვეტილია“.

„თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ მთავარი - ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტისგან, სადაც რუსეთი აგრძელებს პრეტენზიების წამოყენებას, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ვფიქრობ, როგორც უკვე არაერთხელ მითქვამს, მნიშვნელოვანია არა უბრალოდ მშვიდობის მიღწევა, არამედ სამართლიანი მშვიდობის მიღწევა“, - თქვა ჯორჯია მელონმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 17-18 თებერვალს ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე სამხედრო ჯგუფში გარკვეული პროგრესი იყო. ამავდროულად, პოლიტიკური მიმართულებით ყველაფერი უფრო რთულადაა - სამ მხარეს ტერიტორიების საკითხზე სამი განსხვავებული თვალსაზრისი აქვს.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების გზით ომის სწრაფად დასრულების შანსი მცირეა. მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი „მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ერთ-ერთი მხარე თავის სამხედრო ან ეკონომიკურ რესურსებს ამოწურავს“.