თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დედაქალაქში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით „SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი დაამზადა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული სულ 97 ბოთლი პროდუქცია.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით (პროდუქციის ფალსიფიკაცია) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
