თბილისი (GBC) - კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ პალესტინის დასახმარებლად $100 მლნ-ის გამოყოფის შესახებ განაცხადა. აღნიშნული თანხიდან $80 მლნ ჰუმანიტარულ დახმარებას, ხოლო $20 მლნ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებს მოხმარდება.

Politico-ს ცნობით, ამის შესახებ განცხადება კარნიმ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში გააკეთა. კანადის პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ მძიმე ვითარებას, რომელშიც ჰამასის ქმედებების გამო ისრაელის მოსახლეობაც იმყოფება.

„ღაზაში უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა გრძელდება. პარალელურად, ისრაელელები კვლავ ეგზისტენციალური საფრთხის პირობებში ცხოვრობენ. ჰამასის, ირანისა და მისი მარიონეტული ჯგუფების მხრიდან“, - განაცხადა კარნიმ და დასძინა, რომ „ორი სახელმწიფოს პრინციპის“ (Two-state solution) საერთაშორისო მხარდაჭერა ეფექტიანობას დაკარგავს, თუ ეს პირობები შენარჩუნდება.

აღნიშნული განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნჰემთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პრინც ფაისალ ბინ ფარჰანთან შეხვედრამდე გაკეთდა. შეხვედრის მთავარი თემა „ორი სახელმწიფოს პრინციპის“ განხილვა და გაეროს უშიშროების საბჭოს 2803-ე რეზოლუციის განხორციელება იყო, რომელიც რეგიონული კონფლიქტის დასრულების აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ გეგმას ითვალისწინებს.

ორი კვირის წინ კანადა, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი სხვა ქვეყნებთან ერთად შეთანხმდნენ, რომ გადადგამენ ნაბიჯებს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ისრაელის დასახლებებიდან საქონლის იმპორტის აკრძალვის მიმართულებით.

კარნიმ აღნიშნა, რომ ეს არის „პრაგმატული და პრაქტიკული ნაბიჯები“ ორი სახელმწიფოს პრინციპის პერსპექტივის შესანარჩუნებლად.

კანადამ გასულ წელს ოფიციალურად ცნო პალესტინის სახელმწიფოებრიობა. მიმდინარე წლის ივნისში კი ოტავამ დამატებით $100 მლნ-ის დახმარება გამოყო იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში გადაუდებელ სასურსათო და სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფენ.