თბილისი (GBC) – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო სახსრების მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით დაკავებულია შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი. აღნიშნული კომპანია შპს „ენგურჰესის“ სტრუქტურაში შედის და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპერირებს.
სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა დანაშაული აღიარა და სამართალდამცავ ორგანოებთან სრულად ითანამშრომლა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სუსის განცხადებით, ეს დაკავება არის მკაფიო გზავნილი მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების სპეციფიკური სტატუსი სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი გამოყენებისთვის „უსაფრთხო თავშესაფარია“.
„მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი“, - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.