თბილისი (GBC) – ევროკავშირი დონალდ ტრამპთან ღია კონფრონტაციის რისკის წინაშე დგას. ამის მიზეზი ბრიუსელის მცდელობაა, შეაფერხოს ბალკანეთის სტრატეგიული მილსადენის კონტრაქტის გადაცემა კომპანიისთვის, რომლის უკანაც პრეზიდენტის პირადი ადვოკატი დგას. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტებში, რომლებიც The Guardian-მა მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელსა და ტრამპს შორის მანამდეც არსებობდა უთანხმოება ვაჭრობის, უკრაინისა და სამხედრო ხარჯების გამო, „სამხრეთის ინტერკონექტორის“ (Southern Interconnection) პროექტში ჩარევა პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა პრეზიდენტის ახლო გარემოცვის კომერციულ საქმიანობას დაუპირისპირდა.

მილსადენმა ბოსნია და ჰერცეგოვინაზე უნდა გაიაროს. ბოსნიური წყაროების ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან მრავალთვიანი ზეწოლის შედეგად, ქვეყნის ლიდერებმა დაიწყეს მზადება კონტრაქტის პირდაპირ გადასაცემად ვაიომინგში ბაზირებული ნაკლებად ცნობილი კომპანიისთვის.

კომპანია AAFS Infrastructure and Energy გასული წლის ნოემბერში დაფუძნდა და მისი მფლობელების ვინაობა უცნობია. კომპანიას სათავეში უდგანან ტრამპის საარჩევნო კამპანიის წამყვანი წევრები: ჯესი ბინალი - ადვოკატი, რომელიც ტრამპს კაპიტოლიუმის მოვლენებისას იცავდა და ჯო ფლინი - პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის ძმა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია, მისი ადგილობრივი წარმომადგენლის თქმით, AAFS მილსადენსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

მარტში ბოსნიელმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს ნორმა, რომელიც Transparency International-ის შეფასებით, „სახიფათო პრეცედენტს“ ქმნის, რადგან კონტრაქტის ტენდერის გარეშე, პირდაპირ AAFS-ისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

ამის საპასუხოდ, ბრიუსელის წარმომადგენელმა სარაევოში ბოსნიის ლიდერები გააფრთხილა, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს საფრთხეს უქმნის. 13 აპრილით დათარიღებულ კონფიდენციალურ წერილში ევროკავშირის ოფიციალური პირი, ლუიჯი სორეკა ხაზს უსვამს, რომ ენერგეტიკული კანონმდებლობა აუცილებლად უნდა იყოს კოორდინირებული ევროკავშირთან.

ჯესი ბინალმა განაცხადა, რომ ეს მილსადენი „ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია“. ევროკავშირის ჩარევის შესახებ კითხვაზე მან აღნიშნა, რომ მათი მიზანი ბოსნიისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ეს პროექტი ბოსნიას საშუალებას მისცემს, მიიღოს ამერიკული გაზი ხორვატიის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალიდან და ამით სრულად ჩაანაცვლოს რუსული მომარაგება. თუმცა, ბრიუსელი დგას დილემის წინაშე: ევროპის ენერგეტიკული რუკის ეს მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა აღმოჩნდეს არა უბრალოდ ამერიკული კომპანიის, არამედ იმ პირების კონტროლის ქვეშ, რომლებიც პერსონალურად არიან დაკავშირებულნი ანტაგონისტურად განწყობილ პრეზიდენტთან.

AAFS-ის გარდა, ბოსნიით ტრამპის სხვა ახლობლებიც დაინტერესდნენ. მაიკლ ფლინი ლობირებდა ბოსნიელ სერბთა ლიდერს, მილორად დოდიკს, რის შედეგადაც ოქტომბერში დოდიკს აშშ-ის სანქციები მოეხსნა. აპრილში სარაევოს დონალდ ტრამპ უმცროსიც ეწვია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროექტში პირდაპირ არ ფიგურირებენ, დოდიკი მილსადენის გეგმას აქტიურად უჭერს მხარს.