თბილისი (GBC) - ნინო დათაშვილის საკითხზე სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის 2 აგვისტოს კვლავ მოინახულა რწმუნებულმა. მათივე ცნობით, შეხვედრისას ნინო დათაშვილმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, არსებით გავლენას ახდენს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, მონიტორინგის ფარგლებში 2025 წლის 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მისი მონახულების და შესაბამისი შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატს მიმართული აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტისთვის.
2025 წლის 2 აგვისტოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა კვლავ მოინახულა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილი. შეხვედრისას ნინო დათაშვილმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ არსებით გავლენას ახდენს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საკითხის შესწავლის და შეფასების მიზნით სახალხო დამცველის აპარატს დამატებით უკვე გამოთხოვილი აქვს ბრალდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად, თუმცა ვინაიდან ეს მონაცემები ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციას მიეკუთვნება აპარატის მიერ არ ხდება მისი გასაჯაროება.
სახალხო დამცველი გააგრძელებს ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით, ზედამხედველობის განხორციელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნინო დათაშვილის ადვოკატების განცხადებით, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის უსაფუძვლო შუამდგომლობა ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, დათაშვილის მხრიდან უარის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია იძულების ზომებიც.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დათაშვილს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმის წარმოება ნინო დათაშვილის მიმართ შსს-მ 11 ივნისს დაიწყო, ხოლო 20 ივნისს დააკავეს.
საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს. ამ დღეს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა.
დათაშვილი ამბობდა, რომ პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას. ნინო დათაშვილი კვლავ იმეორებს და მოუწოდებს მანდატურს, უთხრას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალება ადგილზე ყოფნა. ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრში ჩანს როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.
საბოლოოდ, მანდატურებმა ნინო დათაშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.