თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და ₾62 მლრდ შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა ₾23.5 მლრდ-ით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 %-ით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.9% - საშუალოზე, ხოლო 17.5% კი - მცირე ბიზნესზე.
მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 43.8%, საშუალოზე - 25.1%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.1%.
2024 წლის IV კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 33.2 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.6%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 18.8 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6%-ით ნაკლები) შეადგინა.
2024 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 811.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.8%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.7% ქალი იყო, ხოლო 56.3% - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.7% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 21.5% - საშუალოზე, ხოლო 36.9% - მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 764.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 536.6 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.9 პროცენტით მეტი).
2024 წლის IV კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 367.0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 170.8 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 847.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 159.7 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:
- მსხვილი ბიზნესი – 2 466.2 ლარი
- საშუალო ბიზნესი – 2 750.1 ლარი
- მცირე ბიზნესი – 1 969.8 ლარი
2024 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 35.1 პროცენტი მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილზეა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33.7%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 7%-იანი წილით, დამამუშავებელი მრეწველობა - 6.9%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.6%-იანი წილით, ხოლო 12.7% დანარჩენ დარგებზე ნაწილდება:
2024 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს მშენებლობა (20.5%) და ვაჭრობა (18.6%), შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა (17.6%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5%), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.8%-იანი წილი უჭირავს.
2024 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 28.5, 11.3 და 9.2%-იანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.6%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.2%), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.2%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.3%) დარგის საწარმოებზეც:
საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- ქ. თბილისი – 66.5%;
- აჭარის ა.რ. – 9.3%;
- იმერეთი – 6.2%;
- ქვემო ქართლი – 5.4%;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3%;
- კახეთი - 2.7%;
- შიდა ქართლი - 2.2%;
- მცხეთა-მთიანეთი - 1.7%;
- სამცხე-ჯავახეთი - 1.5%;
- გურია - 0.9%;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.2%.