აღმოსავლეთის რისკები იზრდება - ინფლაცია არა
ივნისში წლიური ინფლაცია
მცირედით, 5.7%-დან 5.8%-მდე
გაიზარდა. სეზონური
ეფექტის გამორიცხვით
ფასების გასულ თვესთან
მიმართებით ზრდა უფრო
შესამჩნევი იყო და მაისში
დაფიქსირებული 0.3%-დან 0.6%-მდე
იმატა.მცირედი აჩქარების
მიუხედავად, აღნიშნული
დინამიკა დიდწილად კვლავ
თანხვედრაშია წლის
ბოლოსთვის 5.1%-იანი
ინფლაციის ჩვენს საბაზო
სცენართან. ამავდროულად,
რადგანაც ინფლაცია,
სავარაუდოდ, მთელი წლის
განმავლობაში სამიზნე
დონეზე მაღალი დარჩება,
პროგნოზი მონეტარული
პოლიტიკის განაკვეთის
უცვლელად, 8.25%-ზე
შენარჩუნებას
ითვალისწინებს, ვინაიდან
ეროვნული ბანკი
„ინფლაციური შოკის
ამოწურვას“ განაკვეთის
შემცირების წინაპირობად
ასახელებს. ამ კუთხით,
საყურადღებოა ირანსა და
აშშ-ს შორის სამხედრო
დაპირისპირების ხელახალი
გააქტიურება ახლო
აღმოსავლეთში. როგორც
თიბისი კაპიტალის წინა
პუბლიკაციაში იყო
აღნიშნული, ის ფაქტი, რომ ორ
ქვეყანას შორის ივნისში
მიღწეული შეთანხმება
საბოლოო არ არის, ჯერ კიდევ
საკმაო გაურკვევლობას
მოიაზრებს, მიუხედავად
იმისა, რომ შეთანხმების
გაფორმებას ბაზრების
მხრიდან გამოკვეთილად
ოპტიმისტური რეაქცია
მოჰყვა. მიმდინარე
ესკალაციის ფონზე, რთული
სათქმელია, კონფლიქტის
კვლავ გამწვავება
დროებითია თუ არა, თუმცა,
თუკი დაძაბულობა
ხანგრძლივად შენარჩუნდა,
რაც ფასებზე გლობალურ
წნეხს ბუნებრივად გაზრდის,
ინფლაციის პროგნოზიც უფრო
მეტად წინა, 6%-იან ნიშნულს
დაუახლოვდება. მკითხველს
შევახსენებთ, რომ ივნისში
პროგნოზის შემცირება
სწორად გლობალურ
სასაქონლო პროდუქციაზე
ფასების მკვეთრ კლებას
მოჰყვა. გაურკვევლობის
მატებასთან ერთად, იზრდება
გამკაცრებული მონეტარული
პოლიტიკის ხანგრძლივად
შენარჩუნების
ალბათობაც. ივნისის
დინამიკის მხრივ, წლიური
ინფლაციის ფორმირებაში
ძირითადი კომპონენტი
კვლავ საწვავია, თუმცა
მნიშვნელოვანი გავლენა
ჰქონდა ასევე პურის,
ელექტროენერგიის,
სიგარეტისა და ინტერნეტის
ტარიფების ცვლილებებს. ეს
ფაქტორები ამჟამად
ინფლაციის მნიშვნელოვან
ნაწილს განაპირობებს,
თუმცა, საბაზო ეფექტის
ამოწურვასთან ერთად, მათი
გავლენა ფასებზე თანდათან
შესუსტდება. აღსანიშნავია,
რომ ინფლაციის უფრო ხისტი
მაჩვენებლები
სამომხმარებლო ფასებზე
შედარებით მაღალი, თუმცა
მეტწილად მაინც ზომიერი
წნეხის არსებობაზე
მიუთითებს.
მაგალითისათვის,
მედიანური ინფლაცია
ივნისში 1.9%-დან, 2.5%-მდე
გაიზარდა, თუმცა უკვე
ზედიზედ მესამე წელია 3%-იან
სამიზნე დონეზე დაბალი
რჩება. ამასთან, შეკვეცილი
ინფლაციისა და დიფუზიის
ინდექსებიც მიუთითებს, რომ
ცალკეული საქონლის წვლილი
ფასების ზრდაში მართალია
მნიშვნელოვანია, თუმცა
ინფლაციის აჩქარება
მხოლოდ მათი მიზეზით არ
არის განპირობებული და
უფრო ფართო ხასიათს
ატარებს. აგრეთვე,
გაზრდილია მომსახურების
ფასებიც, რასაც ძირითადად
საცხოვრებელთან და
ტრანსპორტთან
დაკავშირებული
მომსახურებების გაძვირება
განაპირობებს.
1783517315