თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 16 831 გემი, რომელთა 38.5% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 30.1% — თხევადი ტვირთმზიდი, 22.5% — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 8.9% ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 34%-ით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 15.9%-ით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 6.7%-ით მეტი — თხევადი ტვირთმზიდი, 14.1%-ით ნაკლები — კონტეინერმზიდი და 9.2%-ით ნაკლები — ნაყარი ტვირთმზიდი.
2024 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18.4% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16.1% — პანამის, 9.6% — მალტის, 8.7% — ლიბერიის, 5.2% — რუსეთის, დანარჩენი 42% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
2024 წელს საქართველოს ნავსადგურები 7.9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2.4%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 51.%-ს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 15 562.3 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.8%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 45.7% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 33.6% — თხევადი ტვირთი, ხოლო 20.7% — ნაყარი ტვირთი.