თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $3,5 მლრდ–ს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $835.4 მლნ–ს შეადგენს (გაიზარდა 4%-ით), ხოლო იმპორტი $2,73 მლრდ–ზე მეტია (გაიზარდა 19.6%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-თებერვალში, თითქმის $1,9 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53.2%-ია.

2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ყირგიზეთი ($166.6 მლნ),
  • ყაზახეთი ($100.7 მლნ),
  • აზერბაიჯანი ($97.7 მლნ).

2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 75.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • აშშ ($478.3 მლნ),
  • რუსეთი ($344.3 მლნ),
  • თურქეთი ($337.9 მლნ).

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • აშშ ($486.9 მლნ),
  • რუსეთი ($416.2 მლნ),
  • თურქეთი ($384.3 მლნ).

2025 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $285.2 მლნ-ით, რაც მთელი ექსპორტის 34.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $39.7 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 4.7%), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები $29.4 მლნ-ით (3.5%).

ამასთან, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით, რომლის იმპორტმა $481.1 მლნ და მთელი იმპორტის 17.6% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები $326.8 მლნ-ით (იმპორტის 12%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები $202.1 მლნ-ით (იმპორტის 7.4%).