თბილისი (GBC) - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, რთველის სუბსიდირებაში შესული ცვლილებები მევენახეების მხარდასაჭერადაა მიღებული. 

„მთავრობის გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის რთველის ფარგლებში ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს მაღალ და დაბალხარისხიან ყურძენზე დიფერენცირებული ფასით, მიღებულია ათასობით მევენახის მხარდაჭერად.

ჩვენი რეფორმის მიზანია, რომ მევენახის მიერ მოყვანილი მოსავალი სრულად და შეუფერხებლად დაბინავდეს, ყურძენი იყოს ხარისხიანი და ქართული ღვინოპროდუქციის ხარისხიც შეესაბამებოდეს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის უალტერნატივო გზა იმისთვის, რომ გაგრძელდეს და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების განვითარების დინამიკა და ქართულმა ღვინომ მსოფლიო ღვინის ბაზარზე მყარად დაიმკვიდროს ადგილი პრემიუმ სეგემენტში“, - აცხადებს ლევან მეხუზლა, რომლის კომენტარსაც ღვინის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად; არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1,00 ლარად, ასევე 1,00 ლარად დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, 2025 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია.