თბილისი (GBC) - რაჭაში გადამუშავებულია 3 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, საიდანაც უდიდესი წილი ალექსანდროული და მუჯურეთულია. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო წერს. მათივე თქმით, მოსავალი 1400-ზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა კი ₾23,5 მლნ-ს მიაღწია. 

ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 60 ღვინის საწარმო.

„მიმდინარე წელს რაჭაში გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის ყურძენი, რაც თითქმის 80%-ით აღემატება გასული წლის მოსავალს. წელს რაჭაში ყურძენი განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩეოდა, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ 2025 წლის მოსავლის რაჭული ღვინო იქნება განსაკუთრებული და მაღალხარისხიანი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

რაჭის რეგიონში რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები იღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში გადამუშავებულია 326,4 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 320 ათასი ტონა კახეთში, 3 ათასამდე ტონა რაჭაში და დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა მევენახეობის რეგიონში.