თბილისი (GBC) - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ინფორმაციით, ADF International-მა სტრასბურგის სასამართლოში „რუსული კანონის“ საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა.

2025 წლის 28 აგვისტოს Alliance Defending Freedom International-მა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა მესამე მხარის წერილობითი პოზიცია (amicus curiae) საქმეზე Georgian Young Lawyers Association and Others v. Georgia, no. 31069/24.

ADF International-ის წერილობითი მოსაზრების მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე, დამოუკიდებელი მედია, დემოკრატიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია.

“იგი განმარტავს, რომ კონვენციის მე-11 მუხლის გარდა, გაერთიანების თავისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით არის გარანტირებული. ამ საერთაშორისო ინსტრუმენტებით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების დაცვა აზრს დაკარგავს, თუ დაფინანსების წყაროებზე წვდომა დაცული არ იქნება, რომლებიც გაერთიანებებს საშუალებას აძლევს, თავიანთი მიზნები განახორციელონ, მათ შორის ჰქონდეთ წვდომა უცხოურ ან საერთაშორისო დაფინანსების წყაროებზე.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სადაც გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შემზღუდავი კანონმდებლობაა შემოღებული, ADF International-ს პირველ მაგალითად რუსეთი მოჰყავს, ასევე, ინდოეთი, და ჩინეთი. მოსაზრებაში მითითებულია, რომ გაერთიანების თავისუფლების დაუსაბუთებელმა შეზღუდვებმა შეიძლება „მსუსხავი ეფექტი“ შექმნას და ფიზიკური პირების, ასევე, რელიგიურ და სხვა ჯგუფებთან რიგი დაკავშირებული უფლებების განხორციელებაზე უარყოფითად იმოქმედოს“, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.