თბილისი (GBC) –  თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ივლისში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მხოლოდ ივლისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი  519 275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29%-ით მეტია. ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 147 584  მგზავრი გადაიყვანა, რომელიც 2023 წლის მონაცემებს 48% -ით აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

მგზავრთა მომსახურების ბოლო რეკორდული მაჩვენებელი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 2018 წლის აგვისტოში დაფიქსირდა. თბილისში 461,161 ხოლო ბათუმში 121,295 მგზავრი. 2024 წლის ივლისის მონაცემებმა კი აღნიშნულ რეკორდულ მონაცემებს გადააჭარბა.

2005 წელს, ტავ ჯორჯიას საქართველოში ოპერირების დაწყებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის წლიური მაჩვენებელი 547,150, ხოლო ბათუმის აეროპორტში 2007 წლის (8 თვის მონაცემით) 39,762 მგზავრი იყო.