თბილისი (GBC) – ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის EHTTA მიწვევით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაციამ სპა მემკვიდრეობის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპა-ქალაქ სარატოგა სპრინგსში (ნიუ იორკის შტატი) გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ფესტივალის ფარგლებში, „ევროპის თერმული მემკვიდრეობის“ კონფერენციაზე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. მან აუდიტორიას საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების ისტორია და კურორტების განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები გააცნო.
საფესტივალო პროგრამის ფარგლებში, კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაცია, EHTTA -ს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ასოციაციის წევრის სტატუსით, შეხვდა სპა-ქალაქ სარატოგა სპრინგსის მერს ჯონ საფორდს, ნიუ-იორკის შტატის ტურიზმის განყოფილების აღმასრულებელ დირექტორსა და ვიცე პრეზიდენტს როს ლევის,
ნიუ-იორკის შტატის პარკების კომისარსა და შტაბის უფროსს რენდი სიმონსს, სარატოგა სპრინგსის ეროვნული პარკის დირექტორს ალენ ბალ ჩინიანს. გაიმართა B2B შეხვედრები თერმული კურორტების მმართველობაში ჩართულ, ასევე, ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან.
„კურორტების განვითარების სააგენტოს, როგორც EHTTA -ს წევრ ორგანიზაციას, მოგვეცა შესაძლებლობა, ამჟამად უკვე ამერიკელ საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს მდიდარი ბალნეოლოგიური პოტენციალი. ამდენად, ევროპის თერმული მემკვიდრეობის ფესტივალს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სააგენტოსთვის, რადგან ხდება საქმიანი კავშირების დამყარება და ურთიერთობის გაღრმავება ევროპულ თუ ამერიკულ პოტენციურ პარტნიორებთან", - აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
ოფიციალური ნაწილის გარდა, საფესტივალო პროგრამა ტურისტულ გამოფენასაც მოიცავდა, სადაც 2 დღის განმავლობაში ჩრდილო ამერიკის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების და მათ რიცხვში, როგორც ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების მარშრუტში შემავალი დესტინაციის - საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების მდიდარ მემკვიდრეობას.
SPA მემკვიდრეობის საერთაშორისო ფესტივალს 300-მდე ექსპერტი, საზოგადოების ფართო წრეები და მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ კურორტების განვითარების სააგენტო ფესტივალზე წევრი EHTTA წევრი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობდა. სააგენტო ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი გასულ თვეში გახდა. საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინ უძღოდა წარმატებით განხორციელებული არაერთი ერთობლივი აქტივობა.
ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA) არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის UNWTO აფილირებული წევრი. ორგანიზაცია ევროპის 18 ქვეყნის 51 წევრს აერთიანებს.