თბილისი (GBC) – კლუბი „ანდერვილი“ ცქრიალა ღვინის რიგით მეორე ფესტივალს შობა–ახალ წლამდე, 23 დეკემბერს უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები. იქნება ეს შამპანურის მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა ღვინო), შარმას მეთოდი თუ შუშხუნა ღვინო. 

ცქრიალა ღვინის ქართველი მწარმოებლები ამბობენ, რომ აღნიშნული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია მცირე მარნების ხელშეწყობისთვის, რადგან აქ ხდება ღვინის პოპულარიზაცია, ღვინის მწარმოებლები ეცნობიან თავიანთ მომხმარებლებს.

ცქრიალა ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილია „ბაიას ღვინოც“, რომლის ხელმძღვანელს ბაია აბულაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

– რა გამოარჩევს „ბაიას ღვინოს” მისი კონკურენტებისგან?

– კომპანია „ბაიას  ღვინო“ 2015  წელს  დაარსდა. მარანი  ორიენტირებულია  განაგრძოს მეღვინეობისა  და  მევენახეობის  მეოთხე თაობის საოჯახო  ტრადიცია. ბაიას ღვინო  მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სოფელ ობჩაში.  კომპანია  ფლობს  საკუთარ  ვენახებს, სადაც გაშენებულია ცოლიკაურის, ციცქას, კრახუნას, ოცხანური საფერესა და ალადასტურის ჯიშის ვაზები. ბაიას ღვინო აწარმოებს ცქრიალა ღვინოებს პეტნატის მეთოდით და ტრადიციული იმერული სტილის ღვინოებს ქვევრში, რომლებიც  ხასიათდება სასიამოვნო მჟავიანობითა და არომატულობით. სოფელი ობჩა გამოირჩევა განსაკუთრებული მიკრო კლიმატითა და საინტერესო ტერუარებით. ბაიას ღვინო აქტიურად იყიდება ადგილობრივ და 15 ქვეყნის ბაზრებზე.

–რამდენად ეხმარება კერძო ბიზნესს, მსგავსი ტიპის ფესტივალები?

– ეს არის საუკეთესო საშუალება გავიცნოთ ჩვენი მომხმარებლები, გავასინჯოთ ჩვენი წარმოებული პროდუქცია და მათი აზრი მოვისმინოთ

– რამდენად მნიშვნელოვანია უცხო ბაზრების ათვისება ქართული მარნებისთვის?

– ბაიას ღვინო უკვე 15 საერთაშორისო ბაზარზეა გასული და აქტიურად იყიდება ღვინის ბუტიკურ მაღაზიებსა თუ რესტორნებში. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ადგილობრივი ბაზარი ყველაზე საყვარელი და საინტერესოა. უცხოეთში დეგუსტაციებსა თუ გამოფენებზე ყოფნისას ხშირად ვნახულობთ ადგილობრივ ღვინის გამყიდველებს. ვხედავთ, თუ რამდენად იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა, მოხმარება. ვფიქრობ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ქართულ  მეღვინეობაში, როცა შეგვიძლია ზრდა და განვითარება უკეთესი საერთაშორისო ცნობადობისთვის. ამათან, უცხო ბაზრების ათვისებისას მნიშვნელოვანია მდგრადი თანამშრომლობა, მუდმივი გაყიდვების სტაბილიზაცია

GBC.GE ასევე ესაუბრა ცქრიალა ღვინის ფესტივალის მონაწილე კიდევ ერთი საოჯახო მარნის „აგიდელას“ დირექტორს ლაშა ჭკუასელს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „აგიდელას“ მარნის მთავარი მიზანია, შევთავაზოთ ჩვენი ღვინის მომხმარებლებს სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქტი, ხელმისაწვდომ ფასად. მე და ჩემი მეუღლე ელი ცისკარიშვილი პროფესიით ვართ მეღვინეები. ღვინის შექმნის პროცესში ვიყენებთ ამ ცოდნას, წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებებს. ამ პროცესში ვდებთ დიდ ენერგიას და სიყვარულს, შედეგად ვქმნით არაჩვეულებრივ კლასიკურ ღვინოებს, შემდგომში კი უკვე თავად ღვინო საუბრობს ჩვენზე. უნდა ვთქვათ ისიც, რომ მსგავსი ღონისძიებები გვეხმარება ცნობადობის გაზრდაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაცია.  ის უკუკავშირი, რასაც მათგან ვიღებთ, ჩვენთვის არის მამოტივირებელი ძალა. მიუხედავად იმისა, რომ აგიდელას ღვინოები ჯერჯერობით, მხოლოდ საქართველოში იყიდება, ჩვენთვის საინტერესოა, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნების ბაზრებიც, თუმცა პრიორიტეტი მაინც ადგილობრივი ბაზარია“.

„აგიდელა“ აწარმოებს  წყნარ, კლასიკურ ღვინოებს: გორულ მწვანეს, სოვინიონ ბლანს, თავკვერს და თავკვერ როზეს. კომპანია, წელს წავიდა პირველად  ცქრიალა ღვინის მიმართულებით. პეტნატი მათი მთლიანი წარმოების დაახლოებით 10%-ია.

ცქრიალა ღვინის მეორე ფესტივალი „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით გაიმართება. 

 

ავტორი: ანა გულბათაშვილი, სტაჟიორი. საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი.