თბილისი (GBC) – ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა მზარდია - საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, $259 მლნ–ის ღვინო გავიდა საზღვარგარეთ, რაც 3%-ით აღემატება 2022–ის იმ დროისთვის რეკორდულ მაჩვენებელს.  2023 წელი საინტერესო იყო იმითაც, რომ  XXI საუკუნეში პირველად იყო, რომ საფერავი უფრო მეტი გადამუშავდა,  ვიდრე რქაწითელი და მწვანე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ევროკავშირში ღვინის ექსპორტი 130%-ით, სპირტიანი სასმელების კი 26%-ით გაიზარდა. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართული ღვინის ექსპორტი, დიდწილად მაინც დამოკიდებულია რუსულ ბაზარზე. ღვინის მთავარი საექსპორტო ქვეყანა, ტრადიციულად რუსეთია, რომელზეც ღვინის მთლიანი ექსპორტის თითქმის 66% მოდის.

ღვინის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხოლო, როგორი იყო 2023 წელი ქართველი მეღვინეებისთვის, რა კეთდება იმისათვის, რომ ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდოს მაღალფასიან ბაზრებზე, როგორიცაა ევროპა და ამერიკა, ასევე, 2023 წელს რა პრობლემებთან შეჯახება მოუხდა ექსპორტზე ორიენტირებულ როგორც დიდ, ისე მცირე მარნებს? – ამ კითხვებით ჩვენ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან მეხუზლას მივმართეთ.

მისი თქმით, „2023 წელი არ იყო ადვილი, როგორც ექსპორტის, ასევე წარმოების თვალსაზრისით.  ვგულისხმობ, რთველს. მოსავლისთვის საკმაოდ რთული წელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ გაზაფხული გახლდათ ძალიან წვიმიანი, ნესტიანი... ვენახებში გავრცელდა  ჭრაქი, ნაცარი, რამაც გავლენა იქონია მოსავლის რაოდენობაზე. ამას დაემატა უშუალოდ რთველის დროს 2-ჯერ მოსული სეტყვა  კახეთის რეგიონში, საიდანაც მივიღეთ შედეგი, რომ წელს, 2017 წლის მერე ყველაზე მცირე მოსავალი გვქონდა კახეთის რეგიონში.  ამას თან ერთოდა ისიც, რომ უფრო დაზიანდა თეთრი ყურძენი,  ალბათ,  XXI საუკუნეში პირველად იყო, რომ საფერავი უფრო მეტი გადამუშავდა, ვიდრე რქაწითელი და მწვანე“.

ლევან მეხუზლას აზრით, ობიექტური მიზეზების გამო საკმაოდ რთული სიტუაციაა ბაზრებზე, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომი გავლენას ახდენს ამ პროცესზე. ასევე, ლოგისტიკაზე და გადაზიდვებზე როგორც ევროპის, ისე ამერიკის და აზიის მიმართულებით. მისი თქმით, ყველაფერი გაძვირებულია, რაც ართულებს ზუსტი პროგნოზის გაკეთებას.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მიზანი სწორედ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ გვქონდა გარკვეული წარმატებები კერძოდ ომის დაწყებამდე. 2020 წელს რუსეთის წილი პირველად ჩასცდა 60% რამაც ჯამში,  57%  შეადგინა თუმცა შემდეგ ომმა და გარკვეულმა ობიექტურმა მიზეზებმა, ისეთებმა, როგორიცაა ქართული ლარის გამყარება ევროსთან და დოლართან მიმართებით ლოგისტიკის და გადაზიდვის პრობლემებმა, ამასთან გარკვეულ წილად იმანაც ითამაშა როლი, რომ  რუსეთში ნაკლებად შედის ევროპიდან ღვინო და შესაბამისად დეფიციტია იქ შექმნილი ამ პროდუქციის მიმართ. ამ ყველაფერმა მოიტანა ის ამბავი,  რომ რუსეთის წილი კვლავ გაიზარდა და შეადგინა 66%“, – მოგვითხრობს ლევან მეხუზლა.

სააგენტოს თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ  ეს არის უფრო მოკლევადიანი შედეგი და საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში კვლავ გაგრძელდება დივერსიფიცირება, როგორც მანამდე არსებობდა. მისივე თქმით, იმ მხრივ ღვინის ეროვნული სააგენტო მთელი თავისი შესაძლებლობებით, მთელი თავისი ბიუჯეტით მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგიულ ბაზრებზე, რომელიც შეირჩა დარგთან ერთად, კერძო სექტორთან ერთად... ეს სტრატეგიული ბაზრებია: აშშ, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, ბალტიის ქვეყნები, იაპონია და გარკვეულ წილად ისეთ ბაზრები როგორიცაა: სამხრეთ კორეა, ბენილუქსის ქვეყნები და სკანდინავია.

„ზემოთ აღნიშნული მცდელობის ყველაზე პოზიტიური გაგრძელება 2023 წელს იყო ის, რომ ქართული ღვინო გაძვირდა. ვინაიდან, კოვიდის შემდეგ ქართული ღვინის საექსპორტო ფასის კლება აღინიშნებოდა  და შარშან იყო პირველი წელი, როდესაც ქართული ღვინის ფასი მკვეთრად გაიზარდა.  სტატისტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით, 2022 წლის მონაცემებით, როდესაც ექსპორტზე გავიდა 100 მილიონ ლიტრზე მეტი და შემოსავალი იყო 250 მლნ დოლარი საშუალოდ  1ლიტრის საექსპორტო ფასი იყო 2.48 დოლარი. 2023-ში საშუალო  1 ლიტრის ფასი კი გახლდათ,  2.89 დოლარი.  ანუ, 40 ცენტით არის მომატებული საექსპორტო ფასი, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ შემოსავალი, რომელიც ქვეყანამ ღვინის ექსპორტიდან მიიღო გაზრდილია  2022 წელთან შედარებით, რამაც მიაღწია 260 აშშ დოლარს. ამის გარდა მზარდია ექსპორტი სპირტიანი სასმელების, როგორიცაა: ბრენდი, ჭაჭა  და ა.შ. აქაც, 2023 წლის შემოსავალმა თითქმის 200 მლნ დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც 2022 წელს ეს მაჩვენებელი 140 მლნ დოლარი იყო“, – განმარტავს ლევან მეხუზლა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის წილი  ქართული ღვინის ექსპორტში 10%-ია. რუსეთის შემდეგ, პოლონეთი გახლავთ მეორე ადგილზე.

ლევან მეხუზლას თქმით, ასევე, ძალიან წარმატებული იყო 2023 წელი გერმანიის მიმართულებითაც, სადაც 40%-ით გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. გერმანიაში  4 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების ღვინო გაიყიდა.

„ღვინის ეროვნულ სააგენტოში ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის მოვლენა, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება სარგებლის მომტანი აღმოჩნდება ქართულ ღვინისთვის . ზოგადად,  სავაჭრო ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, გარღვევა ევროპის მიმართულებით იყო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა. თუმცა, კანდიდატის სტატუსი და პოლიტიკური დაახლოება  ევროპასთან ვფიქრობ, რომ აუცილებლად დადებითად აისახება ქართული ღვინის ექსპორტზე“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ  GBC.ge-სთან ინტერვიუში.

საქსტატის მონაცემების თანახმად, ღვინის  ექსპორტი 2023 წლის მონაცემებით ჯამში შეადგენდა 259,039 მლნ აშშ დოლარს. ამავე წელს ექსპორტზე გავიდა  89,5 მლნ ლიტრი, ხოლო 2022 წლის მონაცემებით ექსპორტზე გავიდა 12%-ით მეტი - 101,6 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის შემოსავალმაც შეადგინა 252,549 მლნ აშშ დოლარი. 2023 წელს კი უფრო ნაკლები მოცულობის ღვინის ექსპორტის მიუხედავად, შემოსავალი 3%–ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ღვინის საექსპორტო ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

საქსტატის მონაცემებიდან ასევე ვიგებთ, რომ ექსპორტის ყველაზე მეტი წილი მოდის რუსეთის ბაზარზე. 2023 წლის მონაცემებით, რუსეთში სულ  62,28 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა, რომლის შემოსავალმაც შეადგინა  168,304 მლნ აშშ დოლარი. შესაბამისად, შარშან რუსეთში გატანილი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ლიტრზე $2,7–ს შეადგენდა. ხოლო 2022 წელს, რუსეთში 69,9 მლნ ლიტრის ღვინო გაიტანეს, რომლის შემოსავალმაც ასევე შეადგინა  160,838 მლნ აშშ დოლარი და საშუალო საექსპორტო ფასმა ლიტრზე $2,3 შეადგინა. შედეგად, 2023–ში, 2022–თან შედარებით, რუსეთის ბაზარზე გატანილი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი $0,4–ით გაიზარდა.

ქართული ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ხუთეული: 

საქსტატის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2023–ში საქართველოდან  ცქრიალა ღვინის ექსპორტი 5,623.6 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 1,605.5 ათასი აშშ დოლარით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს, როდესაც $4,018.1 ათასის ცქრიალა ღვინო გავიდა ექსპორტზე. რაც შეეხება ყურძნის ნატურალური ღვინოებს (ყურძნის ცქრიალა ღვინოების გარდა), 2 ლ. ან ნაკლები ტევადობის ჭურჭელში დაფასოებული ღვინის ექსპორტმა. 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, $253,052.2 ათასი შეადგინა, ხოლო 2022 წლის მონაცემებით,  248,157 ათას აშშ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, ყურძნის ნატურალური ღვინოები, ყურძნის ტკბილის ჩათვლით, რომლის დუღილის აცილება ან შეჩერება მოხდა სპირტის დამატების გზით, ჭურჭელში ტევადობით 2ლ-ზე მეტი მაგრამ არაუმეტეს 10 ლიტრისა 2023 წლის საექსპორტო ფასი საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით შეადგენდა  338.1 ათასი აშშ დოლარს, ხოლო 2022 წლის მონაცემებით,  373.7 ათასი აშშ დოლარს.

2023 წლის, საქსტატის წინასწარი მონაცემების თანახმად, ყურძნის ნატურალური ღვინოები (ყურძნის ცქრიალა ღვინოების გარდა), 2 ლ–ზე მეტი ტევადობის ჭურჭელში შეადგენს 25.2 აშშ  დოლარს.  ვერმუტები და ყურძნის სხვა ნატურალური ღვინოები, მცენარეული ან არომატული ექსტრაქტების დამატებით,  2 ლ ან ნაკლები ტევადობის ჭურჭელში 2023 წლის მონაცემებით შეადგენს  1,283.1 ათასი აშშ დოლარს, ხოლო 2022 წლის მონაცემებით, 1,384.7 აშშ  დოლარს.  რაც შეეხება სხვა დადუღებული სასმელები (მაგალითად სიდრი, პერი(მსხლის სიდრი), თაფლის სასმელი); ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაუთვლელი 2023 წლის საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით შეადგენს 392.7  აშშ დოლარს. ხოლო 2022 წლის მონაცემებით 161.2 აშშ დოლარს.

 

ავტორი: ანა გულბათაშვილი, სტაჟიორი.

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი.