თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი შემოსვლა, რაც 2.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 41.7%, განხორციელდა 31-50 წლის ასაკის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.4 მილიონი შეადგინა, რაც 2.5%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

საერთაშორისო ვიზიტორების 79.2% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 16.9% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2024 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 496 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.1%-იანი წილით.

შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (583.5 ათასი), თურქეთისა (436.3 ათასი) და სომხეთის (344.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.3%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 47.1%-ს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (59.2%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა აჭარის ა/რ-სა და თბილისში, შესაბამისად,  1 179.5 ათასი და 1 124.8 ათასი ვიზიტი.

ამასთან, 2024 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.2 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.8 ღამე) 7.2%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 72.8% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

საქსტატის თანახმად, 2024 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 18.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის III კვარტალთან შედარებით 15.2%-ით გაიზარდა და 2 426.6 ლარი შეადგინა