თბილისი (GBC) - აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ავტომობილებსა და სათადარიგო ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება საბოლოოდ გადაწყვიტა, რომელიც ძალაში 2 აპრილს შევა. კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ამ ფაქტზე თქვა, რომ „ეს არის პირდაპირი თავდასხმა“ და რომ "ამას მალე უპასუხებს". ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კი ამბობს, "ევროკავშირი პრობლემის გადაჭრის ძიებას გზების მოლაპარაკებების საშუალებით გააგრძელებს".

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს ზომა გამოიწვევს ავტომობილების ინდუსტრიის "უზარმაზარ ზრდას" და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილებისა და ინვესტიციების ზრდას აშშ-ში.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, არსებობს რაიმე შანსი, რომ ის ტარიფების კურსს შეცვლის, ტრამპი პასუხობს: „არა. ეს მუდმივია“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ ”თუ აწარმოებთ ავტომობილს შეერთებულ შტატებში, ტარიფი არ იქნება".

აშშ-ის გადაწყვეტილებას ხუთშაბათს, 27 მარტს, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა, რომელმაც ამ ფაქტის გამო "ღრმა მწუხარება" გამოთქვა.

„ტარიფები გადასახადებია: ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში. ევროკავშირი პრობლემის გადაჭრის გზების მოლაპარაკებების საშუალებით ძიებას გააგრძელებს, ამავე დროს, თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ თქვა, რომ "კანადა მალე უპასუხებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იმპორტირებულ ავტომობილებზე გამოცხადებულ ახალ ტარიფებს".

კირნიმ ისიც დასძინა, რომ ტრამპის ნაბიჯი „პირდაპირი თავდასხმაა“. ამიტომ იგი დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომის მოწვევას გეგმავს, რათა რეაგირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

”ჩვენ დავიცავთ ჩვენს მუშახელს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ მას ერთად”, - აღნიშნა კარნიმ.

კითხვაზე, როდის მოახდენს კანადა რეაგირებას, პრემიერმა უპასუხა: "ეს მალე მოხდება. ჩვენ გვაქვს ვარიანტები. შესაძლოა, დავაწესოთ საპასუხო ტარიფები“.

2024 წელს აშშ–ში დაახლოებით რვა მილიონი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით $240 მლრდ შეადგინა. ეს კი შეერთებული შტატების საავტომობილო ბაზარზე მთლიანი გაყიდვების დაახლოებით ნახევარია.

აშშ-ის ბაზარზე მანქანების უმსხვილესი მიმწოდებელი მექსიკაა, რომელსაც მოსდევს: სამხრეთ კორეა, იაპონია, კანადა და გერმანია.

ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ეს ბრძანება ეხება არა მხოლოდ მანქანებს, არამედ ავტომობილების სათადარიგო ნაწილებსაც, რომლებიც ხშირად აშშ-ში სხვადასხვა ქვეყნიდან იგზავნება.