თბილისი (GBC) – ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტმა ეროვნული ვალუტის, რიალის ოთხი ნულით დენომინაციას მხარი დაუჭირა. რიალის ძველი და ახალი კუპიურები პარალელურად დარჩება ბრუნვაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში, წერს Tehran Times.

დეპუტატების ხმათა უმრავლესობით კვირას მიღებული კანონი ირანული რიალში ოთხი ნულის მოშორებას ითვალისწინებს. შესაბამისად, 1 ახალი რიალი ამჟამინდელი 10 000 რიალის ეკვივალენტი იქნება. ამასთან, ერთი ახალი რიალი 100 კერანად დაიყოფა.

კანონპროექტის თანახმად, „ორმაგი ბრუნვის ფაზა“ მაქსიმუმ 3 წელს გაგრძელდება. ამ პერიოდში ბრუნვაში ძველი რიალიც იქნება და ახალიც. ამ პერიოდში ბრუნვიდან ეტაპობრივად ამოიღებენ ძველი რიალის ბანკნოტებს.

ირანული ვალუტის დენომინაციის საკითხი წლებია, განიხილება მაღალი ინფლაციისა და რიალის გაუფასურების გამო.

მანამდე რიალის დენომინაციის შესახებ კანონპროექტი ისლამური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.