თბილისი (GBC) - მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, რომელიც სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას ეხება, ეკონომიკური ზრდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (ECA) შენელდა, თუმცა რეგიონი უწყვეტი გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე მდგრადობას ინარჩუნებს.
რეგიონული მშპ წელს რეალური გამოხატულებით სავარაუდოდ 2.4%-ით გაიზრდება, რაც ნაკლებია 2024 წლის 3.7%-იან მაჩვენებელთან შედარებით და ძირითადად განპირობებულია ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპით რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის გამოკლებით, რომელზეც რეგიონის წარმოების დაახლოებით 40% მოდის, ეკონომიკური ზრდა, პროგნოზის მიხედვით, მცირედ შეიცვლება და მიმდინარე და მომდევნო წელს დაახლოებით 3.3% იქნება.
სამუშაო ადგილებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით, ანგარიში მიუთითებს, რომ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება და კერძო კაპიტალის მობილიზება მნიშვნელოვანი ფაქტორები იქნება პროდუქტიულობის ზრდის მიმართულებით.
ქვეყნებმა სამუშაო ადგილების შესაქმნელად ინვესტიციების განხორციელება უნდა დაიწყონ - როგორც ფიზიკურ, ისე ადამიანურ კაპიტალში. ასევე აუცილებელია განათლების ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით. ქალებსა და ახალგაზრდებში, რომლებიც არასაკმარისად არიან წარმოდგენილნი სამუშაო ძალაში, ჯერ კიდევ არსებობს გამოუყენებელი პოტენციალი.
რეგიონმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი რაოდენობა შექმნა, თუმცა შენელებული ეკონომიკა, პროდუქტიულობის კლება და რეფორმების სუსტი იმპულსი ზრდის სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ბოლო 15 წლის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებლის 12 პროცენტიანი მატება აღინიშნა, განსაკუთრებით კი სერვისებში, რომლებიც ახლა სამუშაო ადგილების ნახევარზე მეტს შეადგენს, ანგარიშის თანახმად, შესაძლებლობების უმეტესობა წარმოდგენილია შემოსავლის დაბალი პოტენციალის მქონე შედარებით დაბალკვალიფიციური სამუშაოს სახით.
დემოგრაფიული წინააღმდეგობები საფრთხეს უქმნის შრომის ბაზრის მდგრადობას: შრომისუნარიანი მოსახლეობა, პროგნოზის მიხედვით, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში 17 მილიონით შემცირდება და ეს კლება კონცენტრირებული იქნება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. ცენტრალურ აზიასა და თურქეთში შრომისუნარიანი მოსახლეობა გაიზრდება და შრომის ბაზარზე განსხვავებული ტიპის ზეწოლას მოახდენს. სტრუქტურული დაბრკოლებები, როგორებიცაა მაგალითად მცირე ფირმების სიჭარბე, განუვითარებელი საკრედიტო და ვენჩორული საფინანსო ბაზრები, განათლებისა და სწავლების არაეფექტური სისტემები, დაქვეითებული კონკურენცია და დინამიზმის და ბაზრის ეფექტიანობის შემაფერხებელი სახელმწიფო საწარმოები, ზღუდავს რეგიონის პოტენციალს.
“თითოეულ ქვეყანას შეუძლია თავისი მიდგომის იმგვარი ცვლილება, რომ საუკეთესოდ გამოიყენოს თავისი აქტივები - ადამიანური ტალანტი, ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ინსტიტუციები და ბუნებრივი რესურსები. სამუშაო შესაძლებლობების გაფართოება სარგებელს მოუტანს თითქმის ყველა დასაქმებულ პირს, რამდენადაც სხვადასხვა დარგი უნარების განსხვავებულ ნაკრებს მოითხოვს. აღნიშნულ სფეროებზე ფოკუსირება პოლიტიკის შემმუშავებლებს მისცემს რეალურ შესაძლებლობას, რომ რეაგირება მოახდინონ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას”, - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.