თბილისი (GBC) – კიშინეუ სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონის მიმართ პოზიციას ამკაცრებს. ეს ჯერჯერობით ეკონომიკაზე და ბიზნესზე აისახება. ბლოკადის გამო დნესტრისპირეთში მსხვილი სამრეწველო საწარმოები გაჩერდა. გარდა ამისა, მოლდოვის ხელისუფლებამ დნესტრისპირეთისთვის პროდუქციის მიწოდება დაბეგრა. 

მოლდოვის ვიცე–პრემიერმა ოლეგ სერებრიანმა განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლება სეპარატისტული რეგიონის კონსტიტუციურ ველში დაბრუნებას ცდილობს.

ექსპერტების აზრით, შემდეგ ეტაპზე კიშინეუ ტირასპოლს პოლიტიკურ ულტიმატუმს წაუყენებს. ეს შესაძლოა ზამთარში მოხდეს, როდესაც დნესტრისპირეთი ენერგეტიკულ კრიზისში აღმოჩნდება.

მოლდოვის ეს სეპარატისტული რეგიონი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რადგან ომის გამო მისი ერთადერთი „სიცოცხლის გზა“ სწორედ მოლდოვის ტერიტორიაზე გადის.