თბილისი (GBC) – რუსეთის ხელისუფლების განცხადებები, რომ თითქოს ეკონომიკამ დასავლეთის სანქციებს გაუძლო და სწრაფად იზრდება, მიუხედავად SWIFT–ის სისტემიდან მათი ბანკების გათიშვის და საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდების შეზღუდვისა, შესაძლოა სრული პროპაგანდა და სიცრუე იყოს. ამის შესახებ სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლასთან არსებული გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის ინსტიტუტის ექსპერტები ამბობენ. 

როსსტატის მონაცემებით, 2022 წელს რუსეთის მშპ 1,2%–ით შემცირდა (6–ჯერ ნაკლებად, ვიდრე ამას მთავრობა ომის დაწყებისას პროგნოზირებდა), რის შემდეგაც მალევე გადავიდა 3,6%–იან ზრდაზე უკვე გასულ წელს და 4,6%–იან ზრდაზე – მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში.

თუმცა, ეს კაშკაშა ციფრები გაცამტვერდება, თუ დავინახავთ, რომ რუსეთის ხელისუფლება საკვანძო ეკონომიკურ პარამეტრს – ინფლაციის დონეს – ხელოვნურად ამცირებს, ამბობენ შვედი ეკონომისტები.

იგივე როსსტატი ამბობს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ინფლაცია 27,1%–ს შეადგენს. თუმცა, შვედი ექსპერტების დაანგარიშებით, ამ პერიოდში რუსეთში ინფლაციამ 87% შეადგინა.

ინფლაციის ხელოვნურად დაწევაზე რუსეთში ქვეყნის ცენტრალური ბანკის პოლიტიკაც მიუთითებს. ნაბიულინას უწყებამ გასულ წელს რამდენიმეჯერადად გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი და 19%–მდე აიყვანა. მიმდინარე თვეში დაგეგმილ სხდომაზე რეგულატორი კიდევ ერთი პროცენტული პუნქტით აპირებს ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებას – 20%–მდე. ბანკები რეფინანსირების 21%–მდე გაზრდისთვისაც ემზადებიან. ასეთი მაღალი განაკვეთი რუსეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

უკვე დღეს რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის ოფიციალურ მაჩვენებელს (8,6%) 10 პროცენტულ პუნქტზე მეტით აღემატება. ასეთი რამ კი რუსეთში 2000–იანი წლების შემდეგ არ მომხდარა.

რუსეთის ეკონომიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შვედი ეკონომისტების მოსაზრებებს იზიარებს სერგეი გურიევი, რომელიც ლონდონის ბიზნესის სკოლის დეკანია. „დიდი ალბათობით, რუსეთში ინფლაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით“, – თქვა მან ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსეთისა და ევრაზიის შემსწავლელ დევისის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.