თბილისი (GBC) - ისრაელის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში საჰაერო განგაშის სირენები დღეს, 24 ივნისს, დილით ჩაირთო, მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ყველას მიულოცა ისრაელის და ირანის "სრული შეთანხმება" და ისრაელ–ირანის ომს "12-დღიანი ომი" უწოდა. 

"ეს არის ომი, რომელიც შეიძლებოდა, წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო და მთელი ახლო აღმოსავლეთი გაენადგურებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და არც არასდროს მოხდება. ღმერთმა დალოცოს ისრაელი, ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო", - დაწერა ტრამპმა. 

The Times of Israel-ის ცნობით, იმ ადგილებში, სადაც 24 მაისის დილას სირენების ხმა ისმოდა, მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენის მითითება მიეცა.

თავდასხმის დროს ერთი რაკეტა ბეერ-შებაში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, რამდენიმე კი - დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების ექვსი ტალღა გაუშვა.

მოგვიანებით, თბილისის დროით დილის 9 საათზე, ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth-ში ახალი ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა და აქვე მხარეებს შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა.