თბილისი (GBC) - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ტელეფონით ისაუბრა ირანელ კოლეგასთან აბას არაქჩისთან ბალისტიკური რაკეტის გადაჭერის შემდეგ, წერს თურქული მედია.

ფიდანმა ირანულ მხარეს ინციდენტთან დაკავშირებით ანკარას პოზიცია გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა იმ ნაბიჯების თავიდან აცილების აუცილებლობა, რომლებმაც შესაძლოა შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს.

ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცე გაიარა, თურქეთის საჰაერო სივრცის მიმართულებით მოძრაობის აღმოჩენისთანავე, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა NATO-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კონტრადმირალმა ზექი აქთიურქმა ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რაკეტის ნამსხვრევები ჰათაის პროვინციაში, დიორთიოლის რაიონში ჩამოვარდა, რის შედეგადაც არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

„მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის მომხრეა, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან ან საიდან მოდის საფრთხე, მას შესწევს უნარი, უზრუნველყოს საკუთარი ტერიტორიისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ მტრულ ქმედებას“, - ხაზგასმით აღნიშნა კონტრადმირალმა აქთიურქმა.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელმა ბურჰანეთინ დურანმა ასევე დაადასტურა, რომ ირანიდან ნასროლი რაკეტა ჰათაის რაიონში იქნა განეიტრალებული.

„ჩვენი ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის დასაცავად ყველა საჭირო ზომა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იქნება მიღებული. ნებისმიერ შესაძლო მტრულ ქმედებას გაეცემა შესაბამისი პასუხი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ამ პროცესის განმავლობაში კონსულტაციები და თანამშრომლობა ნატოელ მოკავშირეებთან გაგრძელდება“, - განაცხადა თურქმა წარმომადგენელმა.