თბილისი (GBC) – უქმეებზე ირანის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკელების მიერ მიტანილმა სოლიდურმა იერიშმა ნავთობის ბაზარზე ნერვული დაძაბულობა შექმნა და ბარელი Brent–ის ფასი $81,4–მდე ავარდა ორშაბათის ვაჭრობაზე. მაგრამ უკვე სამშაბათს ამ მარკის ნავთობის ფასი $70–იან ნიშნულს დაუბრუნდა – სწორედ ამ დონეზე ივაჭრებოდა „შავი ოქრო“ ისრაელ–ირანს შორის მიმდინარე ომის დაწყებამდე.
სამშაბათის დილის ვაჭრობაზე Brent–ის ფასი $67,5–მდეც კი ჩამოვიდა. შესაბამისად, „ომის მაქსიმუმიდან“ ვარდნამ 17,1% შეადგინა. სამშაბათს დილით ისრაელი და ირანი დაზავდნენ (თუმცა რამდენიმე საათში ირანმა ისრაელისკენ ერთი რაკეტა მაინც გაუშვა და ისრაელი პასუხისთვის ემზადება).
„ტრეიდერებს ისეთი რეაქცია აქვთ, თითქოს ირანში საყურადღებო აღარაფერია, – ამბობს იონ ტრისი, საინვესტიციო ბიულეტენის Fuller Treacy Money გამომცემელი. – Brent–ის ფასი ირანის მიერ ორმუზის სრუტის ჩაკეტვის შანსის შემცირებას მიჰყვა“. ეს მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ზეწოლა, რომელსაც ნავთობის ფასებზე ირანის მიერ ორმუზის სრუტის ჩაკეტვა იწვევდა, გამოირიცხა ნავთობის კოტირებებში, დასძენს ტრისი.