თბილისი (GBC) – ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს პოლიტიკური კონკურენციის შესაძლებლობას მისი მოქმედი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, მომავალ წელს. ამის შესახებ Reuters წერს.

„აქ [ნიკარაგუაში] აღარ იქნება არჩევნები, რომლითაც ისინი ხელისუფლების ხელში ჩაგდებას შეეცდებიან“, — განაცხადა ორტეგამ და დასძინა, რომ აშშ-ისა და ყოფილი დიქტატორის, ანასტასიო სამოსას მხარდამჭერი პარტიების ხელისუფლებაში დაბრუნების ეპოქა სამუდამოდ დასრულებულია.

ორტეგა პრეზიდენტის პოსტს 2007 წლიდან იკავებს, მანამდე კი ქვეყანას 1979-1990 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი მეუღლე როსარიო მურილიო ნიკარაგუის თანაპრეზიდენტია. 2023 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა ექვს წლამდე გაიზარდა.

2021 წლის არჩევნებს ნიკარაგუაში ოპოზიციონერი კანდიდატებისა და ბიზნესის წარმომადგენლების დაკავებები მოჰყვა. დამკვირვებლების შეფასებით, ორტეგას ოჯახი ქვეყნის საკვანძო ინსტიტუტებს, მათ შორის არმიასა და სასამართლო სისტემას აკონტროლებს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ორტეგას მთავრობას დიქტატურა უწოდა და სანქციები ნიკარაგუის 2,3 ათასზე მეტ მაღალჩინოსანსა და მათი ოჯახის წევრებს დაუწესა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ფელიქს მარადიაგამ ორტეგას განცხადებას „შიშის აღიარება“ უწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ფაქტობრივად დაადასტურა თავისი სურვილი, არ დაუშვას ქვეყანაში დემოკრატიული კონკურენცია.